ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებით და ზესტაფონის მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტში ს. ზაქარიაძის 115 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვაჟთა შორის მხატვრული კითხვის კონკურსი გაიმართა.
მხატვრული კითხვის კონკურსში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეები იღებდნენ. კონკურსი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში დღეს დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ს. ზაქარიაძის სახელობის მხატვრული კითხვის კონკურსის გრან-პრი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გიორგი ბედიაშვილს და ლუკა აბულაძეს გადაეცა.
დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილე მალხაზ შერგელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირმა გიორგაძე, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებას ს. ზაქარიაძის ძმის შვილიშვილი, მანანა კვინიკაძეც ესწრებოდა. კონკურსის პირობების მიხედვით, გამოვლინდნენ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულები, ასევე გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში.
“პროექტმა ნამდვილად შედგა. ამას ისიც მოწმობს, რომ ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა, საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მონაწილეს, მათ პედაგოგებს, იდეის ავტორებს და ყველას ვინც ჩართული იყო ამ პროექტში. ეს ბავშვები არიან, როგორც პოეზიაზე, მხატვრულ კითხვაზე, ასევე თავის სამშობლოზე შეყვარებული და მჯერა რომ ისინი მომავალში თავის სათქმელს აუცილებლად იტყვიან”, – ვასილ გველესიანი