გორანა-დავათი-ბულაჩაურის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
თიანეთის მუნიციპალიტეტში გორანა-დავათი-ბულაჩაურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოასფალტდება გზის 4 კმ-ზე მეტი მონაკვეთი. ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების შემდეგ გზა მოინიშნება და ადგილზე განთავსდება საგზაო ნიშნები.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 800 000 ლარამდე შეადგენს.
პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
„გზის აღნიშნული მონაკვეთი კეთილმოწყობილი არ ყოფილა, რის გამოც მრავალი წლის განმავლობაში, აქ გადაადგილებასთან დაკავშირებით, პრობლემები იქმნებოდა. პროექტის განხორციელების შემდეგ კი, მოსახლეობა მეტად უსაფრთხო და კომფორტულ მგზავრობას შეძლებს.
ასევე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტი ეტაპობრივად ახორციელებს ლაფანაანთკარი-დავათის გზის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პირველი ეტაპი უკვე დასრულდა, რის შედეგადაც, კეთილმოეწყო 4 კმ-ზე მეტი გზა. რაც შეეხება მიმდინარე პროექტს, ამჟამად ხორციელდება 6 კმ-ზე მეტი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია 2 მუნიციპალიტეტის – დუშეთისა და თიანეთის ერთმანეთთან უსაფრთხო, კეთილმოწყობილი გზით დაკავშირება, რაც პროექტის დასრულების შემდეგ სრულად შესაძლებელი იქნება,“ – აღნიშნა დავით ნოზაძემ.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.