სამტრედიაში პირველად, ახლადრეაბილიტირებულ, საცურაო აუზზე, ცურვაში მუნიციპალური ტურნირი გაიმართა

პირველად სამტრედიაში, მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის ინიციატივით და მერიის კულტურის სამსახურის ჩართულობით, განახლებულ სპორტული კომპლექსის საცურაო აუზზე, თავისუფალ ცურვაში, მუნიციპალური ტურნირი გაიმართა სამტრედიის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს შორის.

დავით ბახტაძე -,,ძალიან სასიამოვნოა, როცა მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას ამდენი მოსარგებლე ჰყავს. დღეს ვხედავთ, რომ განახლებულ საცურაო აუზზე სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანი მოდის და სარგებლობს ამ სერვისით. განსაკუთრებით სასიამოვნოა ახალგაზრდების ჩართულობა სპორტის ისეთ სახეობაში, როგორიცაა ცურვა. ამ მიმართულებას ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, რათა კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა დაკავდეს ცხოვრების ჯანსაღი წესით. დიდი მადლობა ჩართულობისთვის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს. წარმატებას ვუსურვებ გამარჯვებულებს და თითოეულ მონაწილეს.”

მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა. ამიტომაც მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით საჯარო სკოლებს შორის მუნიციპალურმა ტურნირებმა ტრადიციული ხასიათი მიიღო.

დღევანდელ ტურნირს თავისუფალ ცურვაში, ესწრებოდნენ იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლობა და მისი ხელმძღვანელი რევაზ რობაქიძე, კულტურის სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე და მერის მოადგილე გია მეიშვილი.

,,სიამაყით მინდა აღვნიშნო სამტრედიის წარმატება. დღეს ვხედავთ, რომ განახლებული საცურაო აუზით დაინტერესება დიდია და ამ სერვისით სარგებლობს არა მარტო სამტრედიის მოსახლეობა. ეს მისასალმებელია და მადლობა პირადად მერს, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას თანადგომისთვის,” აღნიშნა რევაზ რობაქიძემ.

თავისუფალი სტილით ცურვაში შეჯიბრი გოგონებსა და ვაჟებს შორის ორ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა.

მონაწილეებმა 10-დან 14-მდე და 15-დან 18-წლამდე ასაკის მიხედვით გაცურეს 25 მეტრიანი დისტანცია.

დღევანდელ ტურნირზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა სსიპ ქალაქ სამტრედიის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლემ ლიზი გოგაძემ.

პირველ ადგილზე ვაჟებს შორის გავიდა გიორგი ლორთქიფანიძე დიდი ჯიხაიშის 1-ელი საჯარო სკოლიდან, რომელმაც 10-დან 14 წლამდელთა კატეგორიაში იცურა.

15- დან 18 წლამდე მონაწილეებს შორის ასევწ პირველი ადგილი მოიპოვა მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ალექსანდრე რევიშვილმა.

გამარჯვებულები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სიგელებით, მედლებით და სიმბოლური საჩუქრებით პირადად დააჯილდოვა სამტრედიის  მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ და ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა რევაზ რობაქიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები