რუსთავში ავტომატური მონიტორინგის სისტემა უკვე 32 საწარმოში მუშაობს
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რუსთავის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრაზე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ჰაერის მართვის გეგმის მიხედვით განხორციელებული სამუშაოს ანგარიში წარადგინა.
,,რუსთავის მერიის გუნდმა, საქართველოს პარლამენტში წარვადგინეთ ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რაც საპარლამენტო და სამთავრობო გუნდთან ერთად განვახორციელეთ რუსთავის ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად. ბოლო ორი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოს შედეგები პოზიტიურ დინამიკას გვაძლევს. რუსთავში უკვე 32 საწარმოში მუშაობს თვითმონიტორინგის სისტემა, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ჩ ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად, მაგრამ ჯერ კიდევ ვდგავართ ბევრი ისეთი გამოწვევის წინაშე, რაც საფრთხეს უქმნის რუსთავის ეკოლოგიას.
მუნიციპალიტეტი თავის მხრივ ეტაპობრივად ასრულებს იმ ვალდებულებებს, რაც ჰაერის მართვის გეგმის მიხედვით აქვს აღებული. ბოლო 2 წელიწადში, ახალი რეკრეაციული ზონები შეიქმნა, გატარდა მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმა და ქალაქს 40 ერთეული ევროსტანდარტის შესაბამისი ავტობუსი ემსახურება, დაწყებული გვაქვს მუშაობა ჭალის ტყის განვითარებაზე. ამ პროექტზე, გარემოს დაცვის სამინისტროსთან და შვედეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად ვმუშაობთ. ხორციელდება მასშტაბური ენერგოეფექტური და ეკოპროექტები, დავიწყეთ მრავალწლიანი პროექტი ქალაქის ტექნიკური წყლით უზრუნველსაყოფად.
შეხვედრაზე ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე და ჯერ კიდევ გადაუჭრელ იმ გამოწვევებზე, რომლებიც საპარლამენტო და სამთავრობო მხარდაჭერით უნდა განვახორციელოთ, რომ ჩვენს ქალაქს ჰაერის ხარისხის პრობლემა აღარ ჰქონდეს და რუსთაველებმა, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ვიცხოვროთ.” – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
შეხვედრას, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტის, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ აღნიშნა, რომ ატმოსფერული ჰაერის დაცვა, ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელზეც კომიტეტი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და მუნიციპალიტეტებთან ერთად მუშაობს. მისივე თქმით, კომიტეტი კვლავ გააგრძელებს რუსთავის მერიასთან თანამშრომლობას, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტის და გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მოსმენის შემდეგ, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა, იმ საწარმოების ნუსხის გაზრდის საჭიროებაზე ისაუბრა, რომლებშიც გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონის შესაბამისად, თვითმონიტორინგის სისტემა უნდა მოქმედებდეს – ,,დროა უკვე მივიდეთ იქამდე, რომ ყველა საწარმოში, სადაც ეს კანონით არის განსაზღვრული, ამუშავდეს მონიტორინგის სისტემა. ასეთი აქტიური როგორიც ახლაა გარემოს დაცვის დეპარტამენტი, წინა წლებში ნამდვილად არ ყოფილა და პოზიტიური დინამიკაც ნამდვილად თვალსაჩინოა, მაგრამ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ. ვფიქრობ, რომ უნდა გაიზარდოს იმ საწარმოთა ნუსხა, რომლებიც მონიტორინგს დაექვემდებარებიან”- განაცხადა პარლამენტარმა ალექსანდრე დალაქიშვილმა.
როგორც რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა განაცხადა, რუსთავის შემოგარენში არსებული ზოგიერთი საწარმო, გარდა იმისა, რომ ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის ქალაქს, მის ეკონომიკურ განვითარებასაც უშლის ხელს -,, რუსთავს აქვს ძალიან დიდი დეველოპერული პოტენციალი და ამ პოტენციალს საფრთხეს უქმნიან ის საწარმოები, რომლებიც არ იმყოფებიან რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში. მაშინ როდესაც ჩვენ ახალ ინვესტორს ვესაუბრებით რუსთავის განვითარებაზე, ნამდვილად არ არის პრეზენტაბელური ის სურათი, რასაც ეს საწარმოები ქმნიან აბსულუტურად ხილული გამოფრქვევებით, რაც ცენტრალური მაგისტრალიდანაც კარგად ჩანს. ამიტომ ჩვენი დიდი თხოვნა იქნება, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ამ საკითხს.”- განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.
კანონი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის მარტში მიიღო. ამავე პერიოდში დამტკიცდა რუსთავის ჰაერის მართვის გეგმაც, რომელიც ერთ-ერთი პირველი ასეთი დოკუმენტი იყო, რომელიც საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის შეიქმნა.
რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, რუსთავის მერია და არასამთავრობო სექტორი ერთობლივად მუშაობენ.