სამინისტროს უწყებებმა აგრარულ საკითხთა კომიტეტს გასული წლის ანგარიში გასვლით სხდომაზე წარუდგინეს

ქ. გორში გამართულ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლით სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე და სამინისტროს  რამდენიმე უწყების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ირაკლი გულედანმა აგრარულ საკითხთა კომიტეტს 2023 წლის ანგარიში წარუდგინეს. მომხსენებლებმა დეპუტატებს გასულ წელს შესრულებული სამუშაოების, პროექტებისა და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს.

აგრარული კომიტეტის წევრები, შიდა ქართლში ვიზიტის ფარგლებში, შპს „ტირიფონის ბაღებში“ დამონტაჟებული აგრომეტეოსადგურის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და მოისმინეს ინფორმაცია პროგრამის „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ შესახებ. აღსანიშნავია, რომ პროგრამაში ჩართული არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებები: სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოს ეროვნულ სააგენტო და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი; პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ციფრულ პლატფორმაზე მუშაობა, რომლითაც ფერმერებისათვის კლიმატის გათვალისწინებით გასატარებელი აგროოპერაციების შესახებ რეკომენდაციები იქნება ხელმისაწვდომი.

გასვლითი სხდომის ფარგლებში, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები და სამინისტროს და სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები გორის უნივერსიტეტში რეგიონის ფერმერებს და მეწარმეებს შეხვდნენ. აგროწარმოებაში ჩართულმა ადგილობრივებმა კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლებისგან მოისმინეს პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულმა მადლობა გადაუხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ხელმძღვანელებს გაწეული შრომისა და მიღწეული შედეგებისათვის და აღნიშნა, რომ გასვლითი სხდომები და ფერმერებთან ადგილზე კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები