აგრარულ საკითხთა კომიტეტმა შიდა ქართლში შეხვედრები გამართა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი საგაზაფხულო სესიის პერიოდში საქმიანობის ახალ რეჟიმზე გადავიდა, რაც რეგიონებში მოსახლეობასთან და ფერმებთან შეხვედრებს და კომიტეტის გასვლითი სხდომების გამართვას ითვალისწინებს. კომიტეტმა გასვლითი შეხვედრა  ამჯერად შიდა ქართლში, გორში გამართა, სადაც ასევე გაიმართა კომიტეტის სხდომა.

„ჩვენი კომიტეტი რეგიონებში გასვლით შეხვედრებს აგრძელებს, სადაც საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, ასევე ხდება ანგარიშვალდებული უწყებების ანგარიშების მოსმენა მათ მიერ განხორციელებული სამუშაოების და სამომავლო გეგმების შესახებ. შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გამართული სხდომაც ამის დასტურია. დღეს ჩვენ მოვისმინეთ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ანგარიშები 2023 წელს გაწეული საქმიანობის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ”, – განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა.

კომიტეტის სხდომის დაწყებამდე, საქართველოს პარლამენტის  წევრები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აპოლონ კაკაბაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შიდა ქართლის რაიონების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები  ფერმერთა მომსახურების ცენტრის „აგროქართლის” თანამშრომლებს შეხვდნენ, გაეცნენ ცენტრის საქმიანობას და დაათვალიერეს სასაწყობე მეურნეობა.

გელა სამხარაულის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ეს მიმართულება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ამ ცენტრის საშუალებით ბენეფიციარებს მიეწოდებათ როგორც შესაბამისი პრეპარატები, სასუქები, სხვადასხვა შხამ-ქიმიკატი, ასევე უტარდებათ კვალიფიციური კონსულტაციები და ტრენინგები. მისი თქმით, იმ ფაქტს, რომ თანამედროვე სოფლის მეურნეობას თანამედროვე მიდგომები სჭირდება, აღნიშნული ცენტრის საქმიანობაც ადასტურებს.

დეპუტატებმა სოფელ კვარხეთში თანმედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმერული საწარმო  – შპს „ტირიფონის ბაღები” დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ წინასწარი შეტყობინების მეტეოროლოგიური სადგურის საპილოტე პროექტს. პროექტის მიზანია ფერმერებმა/სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართულმა საწარმოებმა კლიმატისა და ამინდის შესახებ სპეციალიზებულ საინფორმაციო პროდუქტებზე წვდომა მიიღონ.
კომიტეტის სხდომაზე კი სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა ქვეყანაში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების, ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის და მცენარეთა დაცვის და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის შესახებ ისაუბრა.

მომხსენებელმა ყურადღება სტრატეგიის შესაბამისად განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებზე გაამახვილა:  ბაზარზე ვითარების გაჯანსაღება და სურსათის უვნებლობის თანამედროვე სტანდარტებისა და რეგულაციების დანერგვა; ნდობასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; ქვეყნის დაცვა ცხოველთა სხვადასხვა დაავადებისაგან და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შენარჩუნება; სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვა მცენარეთა მავნე ორგანიზმებისგან; საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ინფორმაციით, შარშან სურსათის უვნებლობის მიხედვით 32 ათასამდე სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა. წინა წლებში გატარებული ღონისძიებების საფუძველზე, დარღვევები 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა, გააქტიურდა როგორც ვეტერინარული, ასევე მცენარეთა დაცვის საშუალებების კონტროლი. 2024 წელს მიმდინარე ღონისძიებებიდან აღსანიშნავია უფასო ვაქცინაცია ცხოველთა 8 სახის დაავადებაზე, ცხოველების უფასო დამუშავება ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებზე, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოში და იტალიური კალიის და ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებები აღმოსავლეთ  საქართველოში და ა.შ.

მისივე თქმით, ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით გეგმიურად ხორციელდება საკანონმდებლო დაახლოების გეგმა. 2015-2023 წლებში, 200 დირექტივიდან, ევროკავშირის კანონმდებლობასთან  133   ნორმატიული აქტია დაახლოებული, მათ შორის,  ამოქმედდა ისეთი რეგულაციები, რომლებიც  მომხმარებლის ინფორმირებულობის და ინტერესების დაცვას უწყობს ხელს.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა ირაკლი გულედანმა კი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობაზე ისაუბრა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: სურსათის კვლევა, მცენარეთა მავნე ორგანიზმების და ცხოველთა დაავადების დიაგნოსტიკა.
მისი ინფორმაციით,  სახელმწიფო ლაბორატორიაში უზრუნველყოფილია მაღალტექნოლოგიური კვლევების ადგილზე ჩატარება და შესაძლებელია მოკლე დროში ეფექტური დიაგნოსტიკა. ამასთანავე ლაბორატორიაში მუდმივად ინერგება საერთაშორისოდ აღიარებული თანამედროვე სტანდარტი და მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.

როგორც სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა აღნიშნა, 2023 წლის მონაცემებით: ლაბორატორია საერთაშორისო სტანდარტის ისო/იეკ 17025:2017/2018‐ის მოთხოვნებს აკმაყოფილებს; დღეისათვის ლაბორატორიაში დანერგილია 520 კვლევის მეთოდი; ISO 9001:2015  მართვის სისტემა სერტიფიცირებულია; 2023 წლის განმავლობაში მოხდა არსებული სტანდარტულ ოპერაციული პროცედურების (SOP) გადახედვა, განახლება და ახალი SOP-ების შემუშავება; ამჟამად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ISO 17043 სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებით. მან კომიტეტის წევრებს 2024 წლის საქმიანობის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

„სურსათის ეროვნული სააგენტო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია არა მხოლოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ზოგადად ჩვენს ცხოვრებაში, ვინაიდან ადამიანის კეთილდღეობა, ჯანმრთელობა  და ბევრი სხვა საკითხი, მათ შორის, სურსათის უვნებლობა სწორედ ამ სამსახურზე და სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაზე, მათ ეფექტურ მუშაობაზე, მათ კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მათ ყოველთვის აქვთ როგორც მთავრობის, ასევე საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერა. ჩვენ მუდმივად ვგულშემატკივრობთ, რომ რაც შეიძლება გაიზარდოს და გაძლიერდეს ეს სამსახურები, რომ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა  და ჯანმრთელობა დაცული, ხოლო რისკები მინიმუმამდე იყოს შემცირებული”, – განაცხადა გელა სამხარაულმა.

კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიშები ცნობად მიიღო.

იმავე დღეს გორის უნივერსიტეტში შედგა შეხვედრა ფერმერებთან, სადაც იმ პრობლემებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს, რაც აწუხებს მოსახლეობას და ასევე დარგს.

როგორც გელა სამხარაულმა განაცხადა, ეს შეხვედრები დაეხმარებათ  დარგის  საჭიროებების გააანალიზებასა და იმ ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავებაში, რაც აუცილებელია სამომავლოდ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების დანერგვისათვის.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები