ბესიკ ამირანაშვილი: ერთ-ერთ მთაზე მოწყდა თოვლი და ქვეშ მოიყოლა 1 ადამიანი, 4 პირი გადარჩა – მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება
“ციხისჯვარის მიმართულებით მთაზე 5-კაციანი ჯგუფი იყო ბურანებით, სასრიალოდ იყვნენ წასულები. ერთ-ერთ მთაზე მოწყდა თოვლი და ქვეშ მოიყოლა 1 ადამიანი. 4 ადამიანი გადარჩა, გამოვიდნენ. ამ დროისთვის, თოვლში მოყოლილია 1 ადამიანი”, – ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა “კურიერთან” განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ძებნა-შველის ღონისძიება მიმდინარეობს.
“შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ გამოგზავნა ვერტმფრენი მაშველებთან ერთად. ადგილი მიუვალია ფეხით. ვერტმფრენმა მაშველები დატოვა და, ამ დროისთვის, მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება”,- განაცხადა ამირანაშვილმა.