გორმა სტრატეგიული განვითარების დოკუმენტზე მუშაობა დაიწყო
გორის მუნიციპალიტეტმა სტრატეგიული განვითარების დოკუმენტზე მუშაობა დაიწყო.
პირველად, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით, განვითარების სტრატეგიის შექმნაზე საჯარო და კერძო სექტორი, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მოქალაქეები ერთობლივად იმუშავებენ.
პირველი სამუშაო შეხვედრა მერიის საკონფერენციო დარბაზში უკვე გაიმართა.
სამუშაო ჯგუფის წევრები ევროპის საბჭოს მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთ მეთოდოლოგიაზე „Civil Participation Tools“ – ზე დაყრდნობით შეფასდნენ და შეირჩნენ.
მუნიციპალიტეტს დოკუმენტის შექმნის პროცესში მენტორობას USAID-ის „ძლიერი სოფლის პროგრამის“ ექსპერტები გაუწევენ.
განვითარების დოკუმენტი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის განვითარების 4 წლიან გეგმას, რომელიც მოსახლეობის საჭიროებების კვლევაზე, გამოწვევების გაცნობიერებასა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაზე იქნება დაყრდნობილი.
დოკუმენტში თავმოყრილი და გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა მიმართულებით აქამდე არსებული ყველა სამუშაო დოკუმენტი.
სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის შემუშავება საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის N264 განკარგულების „მუნიციპალიტეტის დაგეგმვის სახელმძღვანელოს“ N2 პუნქტის შესაბამისად ხორციელდება.