“CHANGE – თვითმმართველობის აკადემია საქართველოს ლიდერებისთვის“ – ბოლნისის მერმა პოლონეთში სასწავლო ვიზიტი დაასრულა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა „CHANGE – თვითმმართველობის აკადემია საქართველოს ლიდერებისთვის“ პროექტის ფარგლებში, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან და მერიის ეკონომიკის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, პოლონეთში, სასწავლო ვიზიტი დაასრულა.
კურსის პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ვარშავაში, ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, ასევე დლუგოსიოდლოს, ვოლომინისა და პლონსკის მუნიციპალიტეტებში ვორქშოფები და შეხვედრები გაიმართა. ვორქშოფის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა თემაზე ,,სტრატეგიული მენეჯმენტი – ადგილობრივი განვითარების სტრატეგია“ პრეზენტაცია წარადგინა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს კურსის წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.
პროექტი „თვითმმართველობის აკადემია: ლიდერობა და მენეჯმენტი ქართულ ადგილობრივ თვითმმართველობებში“ განკუთვნილია მუნიციპალიტეტების პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ პირთათვის. პროგრამა მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას ლიდერობისა და მენეჯმენტის საკითხებში.
აღნიშნული პროგრამა ხორციელდება პოლონური სოლიდარობის ფონდი PL საქართველოს ორგანიზებით, საჯარო სამსახურის ბიუროსთან, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციასა (სათეფა) და მიროშევსკის ცენტრთან თანამშრომლობით. სასწავლო გეგმა კი შემუშავებულია პოლონეთის ლეხ კაჩინსკის საჯარო ადმინისტრირების სკოლის (KSAP) მიერ.