“სამივეზე ამბობენ, რომ მიცვალებულები არიან, მაგრამ მე არ მითხრეს” – რას ჰყვებიან ადგილობრივები ბაღდათში მომხდარ სტიქიაზე

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნეგრეეთში მიწის მასა ღამის ორი საათისთვის ჩამოვიდა, მაშინ, როცა ყველას ეძინა და ოთხი სახლი მოიყოლა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მსგავსი სტიქია არასდროს ყოფილა და, შესაბამისად, არავინ ელოდა.

“მეწყერის აქეთ წამოსვლას არავინ ელოდა. მე სადაც ვცხოვრობ ის იყო საშიში ზონა”,- აღნიშნავს ერთ-ერთი ადგილობრივი.

“ერთ სახლში არის 4 ადამიანი. მამა და სამი შვილი. მეორე სახლში არის 3. ერთი ამოიყვანეს და წაიყვანეს საავადმყოფოში, მაზლია ჩემი. მაზლისშვილი რძალი და დედამთილი სამივეზე ამბობენ, რომ მიცვალებულები არიან, მაგრამ მე არ მითხრეს.
4 სახლია მიწასთან გასწორებული. წლებია აქ ცხოვრობენ და არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა”,- ამბობს ადგილობრივი მანანა ხეცურიანი.

სტიქიის შესახებ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

უწყების ცნობით, ადგილზე უკვე რამდენიმე საათია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

“იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ჩამოწოლილია მეწყერი, რის შედეგადაც მიწის მასაში მოყოლილია 4 საცხოვრებელი სახლი. ადგილზე უკვე რამდენიმე საათია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში, მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 მოქალაქე, ნაპოვნია 3 ცხედარი, ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 6 პირის მიმართ. სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს მიმდინარე სამუშაოებს. სტიქიის ადგილებზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები”,- წერია შსს-ის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები