ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, რეგიონებს ახალი ავტობუსები გადაეცათ
“საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონებისთვის ახალი ავტობუსების შეძენა განხორციელდა. დღეიდან კი ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მოსახლეობას ახალი 51 ერთეული „ისუზუს“ ფირმის ავტობუსი მოემსახურება”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.
“პროექტის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტს 4 ერთეული ავტობუსი გადაეცა. 3 ავტობუსი სოფელ რატევნის, ქალაქი ბოლნისისა და სოფელ რაჭისუბნის მიმართულებით იმოძრავებს, ერთი მათგანი კი ბოლნისი-დაბა კაზრეთისა და სოფელი ბალიჭის ხაზს მოემსახურება.
რეგიონებისთვის ახალი სამგზავრო ავტობუსების გადაცემის ღონისძიება ქალაქ რუსთავში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი, მისი მოადგილეები: მერაბ გამყრელიძე და ზვიად ჭუნაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებული, დავით ნოზაძე, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი და კომპანია „ჯითი გრუპის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი ითვალისწინებს „ისუზუს“ ფირმის 154 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვას, რომლებიც ქვეყნის 38 მუნიციპალიტეტში გადანაწილდება. ავტობუსები მოქალაქეების შიდა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტირებას მოემსახურება. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ახალი, კომფორტული, EURO 5-ი სტანდარტის ავტობუსების შეძენით რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული შიდა სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარდება. გარდა ამისა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.
ახალ ავტობუსთა შესყიდვისთვის ბიუჯეტიდან 53 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ჯითი გრუპი“ 51 ერთეული ავტობუსი საქართველოში უკვე ჩამოიყვანა. პროცესი გრძელდება მიმდინარე წლის ბოლომდე, ავტობუსების ნაწილი კი ქვეყანაში 2024 წლის დასაწყისიდან ეტაპობრივად ჩამოვა.
გარდა ავტობუსებისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებისთვის ასევე შეძენილია 90-მდე, 10 და 16-კუბიანი „ივეკოს“ ფირმის ნაგავმზიდები, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში (სულ 49 მუნიციპალიტეტში) გადანაწილდება.
ნაგავმზიდების შესყიდვა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდა, რომლის ღირებულებაც 33 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.