თორნიკე რიჟვაძე: გვაქვს ამბიციური გეგმა, 2025 წლისთვის აჭარაში ვუმასპინძლოთ 6 მილიონ ტურისტს და შევქმნათ მასშტაბური ინფრასტრუქტურა

დღეს ბათუმში, ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოება იმართება. ბათუმი ”World Travel Awards”-ის ევროპის გალა ცერემონიას მასპინძლობს.  ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 

მათი ცნობით, საზოგადოებას სიტყვით მიმართა თორნიკე რიჟვაძემ და მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების გალა ცერემონიის მასპინძლობის მნიშვნელობასა და ტურიზმის დინამიკაზე ისაუბრა.

“განსაკუთრებით აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ წელს აღინიშნება მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების 30 წლის იუბილე, რაც ამ ღონისძიებას კიდევ უფრო სადღესასწაულოს და ღირსშესანიშნავს ხდის.

საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა. მისი უნიკალური ანბანი, კულტურა, ღვინის დაყენების ტრადიცია და გამორჩეული ბუნება აღიარებულია იუნესკოს მიერ და დროში გამოგზაურებთ.

ბოლო მონაცემებით, 2023 წლის 8 თვის განმავლობაში აჭარის რეგიონში ვიზიტების რაოდენობა 2 მილიონს აჭარბებს, რაც 2022 წელთან შედარებით 46%-იან, ხოლო 2019 წელთან შედარებით 20%-იან ზრდაზე მიუთითებს.

ჩვენი მიზანია მომავალი წლისთვის ორმაგი, ხოლო 2025 წლისთვის – სამმაგი მაჩვენებელი გვქონდეს. გვსურს მოვაწყოთ ინფრასტრუქტურა ექვსი მილიონი ტურისტისთვის, რაც საკმაოდ ამბიციური გეგმაა, თუმცა, მზად ვართ გულდასმით შევასრულოთ გეგმის ყველა ეტაპი, რათა მივაღწიოთ სასურველ შედეგებს.

ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს ტურისტული ინდუსტრიის გამრავალფეროვნებაზე, რათა ბათუმი, აჭარა გახდეს 4 სეზონის მიმართულება”- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

 ”World Travel Awards”-ის ღონისძიება 30 წელია ტარდება. ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე, საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები. World Travel Awards-ს გალა ცერემონიას ბათუმში 20-ზე მეტი ქვეყნიდან ტურისტული ინდუსტრიის, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და უცხოელი ბლოგერები ესწრებიან. მათ შორის არიან Euronews, Wanderlust, Emerging Europe და EarthPix.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები