ბათუმში მცხოვრებ 100 ოჯახს, თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსში, ბინები გადაეცა
“ხელმისაწვდომი საცხოვრისის” პროგრამის ფარგლებში ბათუმში მცხოვრებ 100 ოჯახს, თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსში ბინები სრული რემონტით გადაეცათ. მოსახლეობისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
,,100 ოჯახის ყოველდღიური ცხოვრება შეიცვალა. დღე, ას ოჯახს ბათუმში, თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსში, ბინები გადაეცა.
ეს არის ის, რისთვისაც ჩვენი გუნდი ყოველდღიურად მუშაობს, ეს არის ის მიზანი, რომელიც გვაძლევს ძალას, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ თითოეული ჩვენი თანაქალაქელისთვის. ბოლო წლების განმავლობაში ერთად შევძელით არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა და კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ეს არ არის საკმარისი.
ბათუმის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად იზრდება. ქალაქი შეიცვალა, განვითარდა, ყველა უბანში მიმდინარეობს მასშტაბური მშენებლობები. ეს ტენდენცია უნდა შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. ჩვენი მთავარი ორიენტირი, მთავარი ღირებულება არის თითოეული თქვენგანი, თქვენი ოჯახები და რა თქმა უნდა მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ღირსეულად იცხოვროთ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
,,ხელმისაწვდომი საცხოვრისის” პროგრამის პირველ ეტაპზე, ბინები 2021 წელს 80 ოჯახს გადაეცა. პროგრამის მეორე ეტაპზე საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმში, ჯავახიშვილის ქ. #82-ში აშენდა. დასახლება 100 ოჯახზეა გათვლილი.
ასევე, აჭარის მთავრობა ბათუმის მერიასთან ერთად აქტიურად მუშაობს პროგრამაზე „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე”, რომლის ფარგლებშიც 3000-ზე მეტი ოჯახი შეძლებს უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას. პროგრამის ფარგლებში, ბათუმში არსებული ყველა ავარიული შენობა ეტაპობრივად თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსით ჩანაცვლდება.
ბინების გადაცემის ღონისძიებას აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.