გოგი მეშველიანი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანასწორი გარემო შევქმნათ
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი სოფელ ტალავერში მცხოვრებ ქალებს შეხვდა, ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანასწორი გარემო შევქმნათ და საზოგადოების ყველა წევრის ხედვა იქნას გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ვისაუბრეთ განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. მოვისმინეთ სოფლად მცხოვრები ქალების საჭიროებები და მათთან ერთად ვიმსჯელეთ გამოწვევების დაძლევის გზებზე”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს ინიციატივით შედგა და აღსანიშნავია, რომ მას ბოლნისის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი, ციცინო მუშკუდიანი და წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც სრული ინფორმაცია მიაწოდეს დამსწრე საზოგადოებას სოციალური სტატუსის მინიჭების პროცესთან დაკავშირებით.