გორის მუნიციპალიტეტი „ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს“ 2023 წლის სლოგანით „აირჩიე განახლებადი ენერგია – ერთად ვიზრუნოთ გარემოზე“ შეუერთდა
გორის მუნიციპალიტეტი „ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს“ 2023 წლის სლოგანით „აირჩიე განახლებადი ენერგია – ერთად ვიზრუნოთ გარემოზე“ შეუერთდა, ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
“მდგრადი ენერგეტიკის დღე ამჯერად ტანას ხეობაში, ბიისის მწვანე ბანაკში გაიმართა და მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ინფორმირებულობას მდგრადი ენერგეტიკის შესახებ. ღონისძიებაზე, რომელსაც 100 – მდე მოზარდი ესწრებოდა, გორის მერიისა და გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა ისაუბრებს ენერგოეფექტურობასა და განახლებად ენერგიის წყაროებზე, ასევე მუნიციპალიტეტში ახლადშექმნილ ლანდშაფტებზე, რეინჯერების ფუნქციასა და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობაზე, მათ როლზე მდგრადი ენერგეტიკის განვითარებაში და მათი დაცვის აუცილებლობაზე.
ახალგაზრდებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია „მერების შეთანხმების“ პროგრამისა და გორის მუნიციპალიტეტის იმ პროექტებზე, რომლებიც ენერგოეფექტურობას უკავშირდება. „მწვანე ბანაკში“ მოზარდებმა ითამაშეს „რა? სად? როდის?,“ რომელიც მდგრად ენერგეტიკას მიეძღვნა. გამარჯვებული გუნდის მონაწილეებს გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა საჩუქრები გადასცეს.
კვირეულთან დაკავშირებით ბანაკში გაიმართა ტურნირი ხელბურთში და შეხვედრის ბოლოს მოეწყო თომა ჩაგელიშვილის ფილმის „ენერგოეფექტურობა სვანეთში“ ჩვენება. ბიისში მოწყობილ ღონისძიებას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, მერიის, სააგენტოსა და საკრებულოს თანამშრომლები.
„ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეული“ 2023 ბიისში „მერების შეთანხმების“ ხელმომწერი ქალაქის – გორის მერიისა და „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. კვირეული ევროკავშირის ინიციატივით 2006 წლიდან აღინიშნება და ევროკავშირის კლიმატისა და ენერგეტიკული პოლიტიკის პოპულარიზაციას ემსახურება. კვირეულის გარდა, ენერგეტიკული პოლიტიკის განსახორციელებლად ევროკავშირში შექმნილია ,,მერების შეთანხმების“ პროგრამა, რომელიც აერთიანებს ევროპის ათასობით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს.
მერების შეთანხმება კლიმატური და ენერგეტიკული ამბიციების მქონე მუნიციპალიტეტების ფართომასშტაბიანი ინიციატივაა, რომლის მიზანია ევროკავშირის კლიმატის და ენერგეტიკული პოლიტიკის ამოცანების განხორციელება“ გორის მუნიციპალიტეტი ,,მერების შეთანხმების“ პროგრამას 2012 წელს შეურთდა და მას შემდეგ მუნიციპალიტეტი მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს ყოველ წელს აღნიშნავს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.