ბოლნისის მუნიციპალიტეტში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა. ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა პაპუნა მუშკუდიანმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი მირიანაშვილმა, საკრებულოს წევრებთან ერთად აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ბოლნისელი მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს და სოფელ დისველში ასლან შაინიძის, სოფელ რატევანში ნოდარ დევნოზაშვილისა და სოფელ ტანძიაში საბა დადვანის საფლავები გვირგვინებით შეამკეს, ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისგან თითოეული დაღუპული გმირის ოჯახს ფულადი დახმარება გაეწია. 2008 წელს, რუსეთის აგრესიას 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო მოსამსახურე, 14 პოლიციელი და სამი ჟურნალისტი შეეწირა. 30 ათასამდე საქართველოს მოქალაქე კი საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ პირად აქცია. საქართველოს ტერიტორიების 20% დღემდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ.