რუსთავში გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ახალი მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცე გაიხსნარუსთავში, გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ახალი მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცე გაიხსნა
მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ახალი მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცე მოეწყო, ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რჩეულიშვილის ქუჩაზე ახალი მულტიფუნქციური სკვერი, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან და მოსახლეობასთან ერთად გახსნა.
ახალ საზოგადოებრივ სივრცეში, ანიმატორების შოუ, ჯგუფ ,,არტ ლაიფისა” და ელექტრონული მუსიკის კონცერტი გაიმართა.
,,რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო, ლამაზი, მწვანე რეკრეაციული სივრცე შეიქმნა, რომელიც მრავალფუნქციურია. ეს უბანი გეოგრაფიულად ქალაქიდან მოშორებულია და მნიშვნელოვანია, რომ აქ, ადგილზე ყოფილიყო ახალგაზრდებისთვის გართობისა და დასვენების ყველა შესაძლებლობა, რომელიც მოიცავდა ველობილიკს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, ბავშვთა გასართობ სივრცეებს, სტადიონს და რაღა თქმა უნდა – სკვერს, რომელიც გათვლილია ნებისმიერი ასაკის ადამიანზე. სკვერში დაემატა ხე-მცენარეები და საერთო ჯამში, 20 ათას კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიის განაშენიანება მოხდა. ეს სივრცე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ჩვენ ვეცდებით, როგორი საღამოც დღესაა, მსგავსი საღამოებით აქტიურად იყოს ეს სივრცე დატვირთული”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, რჩეულიშვილის ქუჩის მიმდებარედ, 20 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე, სპორტული და საბავშვო მოედნები, საფეხმავლო და ველობილიკები, გარე განათება, სარწყავი სისტემა, მწვანე სივრცეები, დასასვენებელი ზონები, სკეიტ-პარკი, ასევე, გრანელის ქუჩაზე ჩასასვლელი კიბე მოეწყო და 333 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე დაირგო.
პროექტი, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე განხორციელდა. ჭყონდიდელის დასახლებაში, დღემდე მსგავსი მასშტაბის დასასვენებელი სივრცე არ არსებობდა. ინფრასტრუქტუული პროექტი, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 621 701 ლარით დაფინანსდა.
მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, რუსთავში, კლდიაშვილის ქუჩაზე მრავალფუნქციური სკვერის რეაბილიტაცია დასრულების ფაზაშია, ახალი საზოგადოებრივი სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს 21-ე მიკრორაიონში, ამასთან ერთად, ქალაქის შემოსასვლელში 70 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მასშტაბური რეკრეაციული ზონა ეწყობა.
2022-2023 წლებში, რუსთავში, ახალი საზოგადოებრივი სივრცეები, ჯამში 80 000-ზე მეტ კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე მოეწყო.