ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იწყება
ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის მერიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იწყება.
„სოფელ ნაღობილევის მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ ვასრულებთ მათთვის მიცემულ დაპირებას სკოლის რეაბილიტაციის თაობაზე. შესაბამისი ტენდერი დასრულებულია და უახლოეს პერიოდში დაწყებითი საფეხურის სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია მოხდება, რომლისთვისაც 102 291 ლარია გამოყოფილი,“- განაცხადა მერმა.
მისივე თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით აქტივობა იზრდება.
„მნიშვნელოვანია, რომ ვზრდით აქტივობას კულტურის და ტურიზმის მიმართულებითაც: კერძოდ, ოზურგეთის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ქალაქ ოზურგეთში ჭადრების პარკში, ყოველ კვირაში ერთი დღე დაეთმობა „ზაფხულის საღამოებს“ და სხვადასხვა მუსიკალური ანსამბლების მიერ შესრულდება კომპოზიციები. ჩვენს თანამოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ ცოცხალ მუსიკას და სასიამოვნო დრო გაატარონ ოჯახებთან ერთად”,- აღნიშნავს თალაკვაძე.
ოზურგეთის მერმა ჩაის ფესტივალზეც ისაუბრა, რომელიც 29 ივლისს, შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში ჩატარდება.
„კიდევ ერთი პოზიტიური სიახლეა, რომ 29 ივლისს, შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში ჩავატარებთ რიგით მეოთხე „ქართული ჩაის ფესტივალს – ჩაის გზა“. ფესტივალზე მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი, სადაც წარმოდგენილი იქნება ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტი და სხვადასხვა სახის პროდუქცია, გაიმართება ქართული ჩაის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ჩაის დაყენების მასტერკლასი და დეგუსტაცია, ფოტოგამოფენა. გეპატიჟებით ყველას!,“- განაცხადა მერმა.