გოგი მეშველიანი: წალკის მუნიციპალიტეტს ვულოცავ სპორტული ცხოვრების ისტორიულ გამარჯვებას
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირვეი მოადგილე, ბოლნისის , დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი წალკის მუნიციპალიტეტს ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს.
„წალკის მუნიციპალიტეტს ვულოცავ სპორტული ცხოვრების ისტორიულ გამარჯვებას. წელს პირველად წალკას ჰყავს ევროპის პრიზიორი.
6-9 ივლისს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 15 წლამდელთა ნაკრებმა უნგრეთის ქალაქ კაპოშვარში იასპარეზა სადაც, წალკელმა ფალავანმა დავით შავაძემ 44 კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონი გახდა.
საქართველოს ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე წალკიდან ასევე ასპარეზობდა საბა ვანაძე.
მინდა კიდევ, ბევრი წარმატება ვუსურვო დავითს, არაერთხელ გავეხარებინოთ მისი გამარჯვებებით. საბას კი ყველაფერი წინ აქვს. მან მიიღო ძალიან დიდი გამოცდილება და ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა უკვე ძალიან დიდი წარმატებაა. აქვე მადლობას გადავუხდი მათ ახალგაზრდა მწვრთნელს ელიზბარ გოგიტიძეს თავდაუზოგავი შრომისთვის.
საქართველოს ნაკრებმა საერთო ჯამში 5 მედალი მოიპოვა – 3 ოქრო და 2 – ვერცხლი. ვულოცავ სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით წალკელ გულშემატკივარს ვინაიდან ეს მათთვის ისტორიული მომენტია რადგან წალკის სასპორტო სკოლას ჯერ არ ჰყოლია ოლიმპიურ სპორტის სახეობაში ევროპის პრიზიორი”, – წერს სოციალურ ქსელში გოგი მეშველიანი