ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში
სოფელ ლესიჭინესა და ზანას საზღვარზე, მეწყერმა ჩამოშალა ჩხოროწყუ-სენაკის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთი, რის გამოც აღნიშნულ გზაზე ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა, – ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მუშაობა შემოვლითი გზის აღდგენაზე. რამდენიმე საათში გადაადგილება შემოვლითი გზით იქნება შესაძლებელი.
უხვი ნალექის შედეგად, დატბორილია რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები, სახნავ-სათესი სავარგულები, ქუჩები, ასევე დატბორილია ქალაქის ტერიტორიაზე ცალკეული უბნები.
სტიქიის ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის მერი – დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე – გოჩა ჩიქოვანი. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ადგილზე მობილიზებულია ასევე ყველა შესაბამისი სამსახური.
ამ ეტაპზე, მოსახლეობას არ მიეწოდება სასმელი წყალი. ელექტროენერგია არ მიეწოდება ნაკიანის ადმინისტრაციულ ერთეულს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.