გორის მერი ახალსოფელში და სობისში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საკრებულოს მაჟორიტარ წევრთან, კობა ბერიანიძესთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად, ახალსოფელში და სობისში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სობისში გზის სარეაბილიტაციო და ახალსოფელში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, წლების განმავლობაში დაზიანებული გზის საფარის გამო გადაადგილება უჭირდათ როგორც სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე ქვეითებს.

„ცენტრალური მაგისტრალიდან ზემო სობისამდე 6 633 მეტრი გზის მონაკვეთზე სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოხდება როგორც ასფალტის დაგება ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ასევე სანიაღვრე სისტემის მოწყობაც, რომელიც ამ დრომდე გზის აღნიშნულ მონაკვეთზე არ არსებობდა.

პროექტის ღირებულება 3 887 000 ლარია.

სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ახალსოფელში.

პროექტის მიხედვით, დაგეგმილია შიდა ქსელის, ჭაბურღილის, სადაწნეო კოშკის, რეზერვუარის, საქლორატოროს მოწყობა და ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასმელი წყლის პრობლემა 200 – ზე მეტ ოჯახს მოუგვარდება.

სოფელს სასმელი წყლის სისტემა დღემდე არ ჰქონდა, ადგილობრივების ნაწილი ბუნებრივი წყაროებით, ნაწილი კი ინდივიდუალური ჭებით სარგებლობდა, რაც დასალევად არ იყო ვარგისი.

ახალსოფლის სასმელი წყლის სისტემაზე 819 750 ლარი გაიხარჯება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები