ქუთაისის ჯომარდობის ბაზის მშენებლობა დასრულდა
ჯომარდობის სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტით, ლესელიძის ქუჩაზე მოეწყო გამშვები ბაზა, ხოლო აღმაშენებლის გამზირზე – მიმღები, ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, განახლებული ბაზიდან საჩვენებელი დაშვება მოეწყო, რომელსაც ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში, ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
“ქუთაისს აქვს ჯომარდობის კარგი გამოცდილება, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა. ექსტრემალური სპორტის ამ სახეობის განვითარებაში ხელს გვიწყობს მდინარე რიონის ის მონაკვეთიც, რომელიც ჩვენს ქალაქშია და ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ სვლაგეზად ითვლება ჯომარდობის მოყვარულებში. სწორედ ამ ფაქტების გათვალისწინებით გადავწყვიტეთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოგვეწყო ჯომარდობის გამშვები და მიმღები ბაზები, სადაც დღეს საჩვენებელ დაშვება მოეწყო. ეს პროექტი კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ქუთაისს ტურისტული თვალსაზრისითაც. ჯომარდობის ბაზის მშენებლობაზე 1 892 149 ლარი დაიხარჯა. პროექტი საქართველოს რეგიონების ინტეგრირებული პროგრამით დაფინანსდა”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
“ჯომარდობა რიონზე ძალიან პოპულარული სპორტის სახეობაა, როგორც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ასევე ჩვენი უცხოელი ტურისტებისთვის. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ კიდევ, უფრო გაგვეუმჯობესებინა ის პირობები, რასაც აქამდე სთავაზობდა ქუთაისი ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს. ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ჩვენ, შევძელით აგვეშენებინა ახალი გამშვები და მიმღები შენობები, რაც ვფიქრობ, უფრო გააუმჯობესებს პირობებს და სპორტის ამ სახეობას მეტად პოპულარულს გახდის დაინტერესებული პირებისთვის”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.