ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი გრანდიოზული ღონისძიებებით გაიხსნა
ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი გრანდიოზული ღონისძიებებით გაიხსნა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი და კულტურული აქტივობები გაიმართა.
მათივე ცნობით, ღონისძიებები ველომარათონით დაიწყო, რომლის გამარჯვებულებსაც ფულადი პრიზები გადაეცათ.
„ტერიტორიაზე მოეწყო გასტრონომიის საგამოფენო სივრცე. გახსნის დღესთან დაკავშირებით განმუხურში მდებარე აკვაპარკში შესვლა მოქალაქეებისთვის უფასო იყო. გახსნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები TAMADA-ს გრანდიოზული კონცერტით დასრულდა. ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლი სპეციალიზებული ტექნიკით ყოველდღიურად დასუფთავდება. ახალი ტექნიკა მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ გადასცა. სანაპირო ზოლზე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები. სპეციალისტების მიერ მოწმდება ზღვის წყალი“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.