ანსამბლ ,,ბერმუხას” უხუცესი წევრი მუხამედ ირემაძე 100 წლისაა
ხულოს მერიის ინიციატივითა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, საუკუნის ბერმუხელის იუბილე განსაკუთრებულად აღინიშნა. ღონისძიებაში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ, მის შესახებ ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ ანსამბლ ,,ბერმუხას” უხუცეს წევრს, მუხამედ ირემაძეს 100 წლის იუბილე მიულოცა, ქორეოგრაფიისა და ფოლკლორის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მადლობის სიგელით დააჯილდოვა და ფულადი პრიზი გადასცა.
,,მინდა დიდი პატივისცემით მოვეფერო და მივულოცო განსაკუთრებული საიუბილეო თარიღი ჩვენთვის, ყველასათვის უსაყვარლეს ბერმუხელს, ბატონ მუხამედ ირემაძეს, რომელმაც თავისი შემოქმედებით შეგვაყვარა ყველას თავი. უდავოდ დიდია მისი ღვაწლი და დამსახურება ქართული ფოლკლორის განვითარებასა და პოპულარიზაციაში, რომელმაც ანსამბლ ,,ბერმუხასთან” ერთად, არაერთი წარმატება მოუტანა ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე. მისი სცენაზე ხილვა ყოველთვის განსაკუთრებით ემოციურ და დასამახსოვრებელ შთაბეჭდილებას ტოვებს მაყურებელში. ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენს უსაყვარლეს ამაგდარ ხელოვანს” – ვახტანგ ბერიძე.
მათივე ინფორმაციით, მუხამედ ირემაძეს ღირსშესანიშნავი თარიღი ასევე მიულოცეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე, მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზურაბ თენეიშვილმა.
“საუკუნის ბერმუხელ მუხამედ ირემაძეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ინიციატივით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტბელ აბუსერისძის უმაღლესი ჯილდო გადაეცემა.
მუხამედ ირემაძე დაიბადა 1923 წლის 1 ივლისს, ხულოში, სოფელ ირემაძეებში. ჰყავს 6 შვილი, 17 შვილიშვილი, 27 შვილთაშვილი და 5 შვილთაშვილის შვილი, სულ 55 -ზე მეტი შთამომავალი.
ანსამბლ ,,ბერმუხას” დაარსებიდან დღემდე, (1982 წ) იგი არის ანსამბლის წევრი. ანსამბლ ,,ბერმუხას” ერთად მიღებული აქვს არაერთი რესპუბლიკური და საერთაშორისო ჯილდო. მონაწილეობდა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ფესტივალებში.
მუხამედ ირემაძე, ქართული ფოლკლორის განვითარებისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ხანგრძლივი, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის, დაჯილდოებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ღირსების ორდენით.
ასევე, დღეს, 1 ივლისს 100 წელი შეუსრულდა ხულს მუნიციპალიტეტის, სოფელ დიოკნისში მცხოვრებ რებიე შავაძეს
საუკუნის ადამიანებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 1000-1000 ლარი გადასცა.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია საუკუნის ადამიანებს ულოცავს იუბილეს, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.