აჭარაში უცხოელი ჟურნალისტებისა და ბლოგერების მოწვევა გრძელდება. ამჯერად, აჭარის რეგიონში ტურიზმის დეპარტამენტი ლიეტუვას წამყვანი ტელევიზიებისა და ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებს მასპინძლობს, ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ისინი ბათუმსა და მთიან აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს თავიანთ გამომწერებს გაუზიარებენ, რაც ხელს შეუწყობს ლიეტუველი ტურისტების რეგიონში მოგზაურობის სტიმულირებას.
„ბათუმის ძირითადი ტურისტული ადგილების მონახულების შემდეგ, ჟურნალისტები ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, გონიოსა და პეტრას ციხეებს, მუზეუმებსა და მთიან აჭარას სტუმრობდნენ. ლიეტუვა აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, საიდანაც აქტიურ სეზონზე ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ხორციელდება.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სამიზნე ქვეყნებიდან პრეს-ინფო ტურების ორგანიზებას წლის ბოლომდე აქტიურად გააგრძელებს. ამ ეტაპზე, რეგიონს უკვე სტუმრობდა პოლონელი, ებრაელი, ყაზახი, უზბეკი, თურქი, არაბი, გერმანელი, სერბი, სამხრეთ კორეელი და ლატვიელი ჟურნალისტები. გასულ წელს, კი ბათუმმა 500-მდე ჟურნალისტს, ბლოგერსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს უმასპინძლა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.