თორნიკე რიჟვაძე – კვლევის თანახმად, ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია შარშანდელ წელთან შედარებით, პერიოდულად გაგრძელდება ხარისხის შემოწმება და კონტროლი
,,მსურს შევეხო ბოლო დროის აქტუალურ საკითხს, რომელიც უკავშირდება ზღვის წყლის ხარისხს, ბოლო პერიოდში არც თუ კეთილმოსურნე მედია საშუალებების მხრიდან ხდება მაქსიმალური ზიანის მიყენება საკმაოდ წარმატებული ტურისტული სეზონისთვის”,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პერიოდულად მოხდება ზღვის წყლის ხარისხის შემოწმება, როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს, ისე აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მხრიდან. უკვე ჩატარებული კვლევების შესაბამისად უნდა ითქვას, რომ ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია შარშანდელ წელთან შედარებით და, იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ხარისხობრივი მაჩვენებლის შენარჩუნებას ისე, რომ პირველ რიგში, ჩვენს თანაქალაქელებს და შემდეგ ჩვენს უამრავ სტუმარს არ შეექმნება რაიმე დისკომფორტი დასვენების კუთხით” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, “შავი ზღვის კვლევა განხორციელდა, როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს, ასევე, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მიერ, რომლის მიხედვითაც ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია და სრულ თანხვედრაშია დასაშვებ ნორმებთან.
შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 9 სადგურზე ყოველთვიურად წარმოებს, რითიც ისაზღვრება ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, წყალში გახსნილი ჟანგბადისა და ბიოგენური ელემენტების შემცველობა. ხორციელდება მძიმე მეტალებისა და ორგანული დამაბინძურებლების კვლევა ზედაპირულ და ფსკერის პირა ფენაში”,- აღნიშნულია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.