შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონში სადრენაჟე სისტემებზე არსებული მდგომარეობა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თამაზ მღებრიშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ რეგიონში სადრენაჟე სისტემებზე არსებული მდგომარეობა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს, შეფასდა მუნიციპალიტეტების მიხედვით განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები. საუბარი შეეხო პროექტებს, რომლის განხორციელებასაც საქართველოს მელიორაცია მიმდინარე წელს დაიწყებს, ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოს მელიორაციამ ხობის, აბაშის, სენაკის, მარტვილის, ფოთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში, ბოლო რამდენიმე წლის (2017-2023 წწ) განმავლობაში, 7,5 მლნ ლარის ღირებულების პროექტები განახორციელა, შედეგად, დამშრალი მიწის ფართობი 5000 ჰექტარით გაიზარდა, რამაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყო ხელი.
დღეისათვის, რეგიონში 4,8 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ, 400 ჰექტარზე მეტ მიწის ფართობზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება გახდება შესაძლებელი.
შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც საქართველოს მელიორაციის ხელმძღვანელი პირები და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.