თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში გაიზარდა საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება, სრულად ფინანსდება ონო-ქირურგია და გულის ქირურგია, გაიზარდა ტრანსპლანტაციების მკურნალობის დაფინანსება

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოში მთავრობის მუშაობის ერთი წლის ანგარიში წარადგინა. თორნიკე რიჟვაძემ რამდენიმე ასპექტზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის 2022-2023 წლებში სოციალური პროექტებისა და ჯანდაცვის პროგრამების მნიშვნელოვან სიახლეებზე, ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

“ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი უპრეცედენტოდ გაიზარდა წინა წელთან შედარებით. ჩვენ, პრაქტიკულად, არ გვრჩება არც ერთი მიზნობრივი კატეგორია, რომელიც შესაბამისი ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების მიღმა დარჩა. პრაქტიკულად სრულად ფინანსდება ყველა ის არსებული სამედიცინო საჭიროება, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს აწუხებს. განსაკუთრებით აღვნიშნავ, რომ წელს გავზარდეთ, როგორც გულის, ასევე ონკოთერაპიის დაფინანსება, ტრანსპლანტაცია, გადანერგვები. პრაქტიკულად, ყველაფერი სრულად ფინანსდება ჩვენს რეგიონში და უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერით ჩვენ მინიმუმამდე დაგვყავს ჯიბიდან გადახდები, რომელიც მოქალაქეებს უწევთ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში”,  – აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

თორნიკე რიჟვაძემ ხაზგასმით ისაუბრა აჭარაში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახების დახმარებაზე. მისი თქმით, 2022 წლიდან დღემდე, თანადაფინანსებით საცხოვრებელი ფართი 80-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა. 2023 პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა 4 080 000 ლარამდე, მიმდინარე წელს დაგეგმილია 100 საცხოვრებელი ფართის შეძენა.

,,ჯანდაცვის სამინისტროს კუთხით ერთ-ერთი მთავარი მიმართულება აჭარის რეგიონისთვის გახლავთ სოციალური უზრუნველყოფა, წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა, რომელიც ეხება ეკომიგრანტებს, ასევე სხვა სოციალური კატეგორიის მოქალაქეებს. იცით, რომ დასკვნით ეტაპზეა ყველაზე დიდი სოციალური პროექტის, ე.წ. ოცნების ქალაქის პირველი ეტაპის მშენებლობა. ჩვენ უკვე კატეგორიები შევიმუშავეთ და პრაქტიკულად ყველა აბსოლუტურად მიიღებს იქ შესაბამის საცხოვრებელ სახლს. ამავე დროს, მომზადებულია სრული დოკუმენტაცია მე-2 ფაზის დასაწყებად, რომელიც დაახლოებით, 1000 ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ითვალისწინებს მრავალბინიან კომპლექსში.

რა თქმა უნდა, ეს საქმე იქნება ბოლომდე მიყვანილი. ასევე, მოგახსენებთ, რომ ჩვენ გავზარდეთ ეკოლოგიური მიზეზებით დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამა 10 000 ლარით და შესაბამისად, ეს თანხა მომავალშიც გადაიხედება, რომ ყველას, ვინც დაზარალდება ამ პროცესებში, სახელმწიფომ მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიოს”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები