დუშეთის მუნიციპალიტეტში აბანოსხევი-ლაფანაანთკარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა
დუშეთის მუნიციპალიტეტში აბანოსხევი-ლაფანაანთკარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულება 1 930 000 ლარს აღემატება, 4.4 კმ-იან გზის მონაკვეთზე დაეგო ასფალტის საფარი და მოეწყო სანიაღვრე არხები, ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე და მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე. ამასთან, რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდნენ და მათ საჭიროებებს გაეცნენ.
“წლების განმავლობაში ძალიან გაუვალი და გრუნტიანი გზა იყო აქ და წვიმის დროს საერთოდ შეუძლებელი ხდებოდა გადაადგილება, რაც პრობლემას ქმნიდა როგორც მოსახლეობისათვის, ისე სასწრაფო-სამედიცინო და სახანძრო-სამაშველო სამსახურებისათვის. დღეს კი ასფალტის საფარის მოწყობის შედეგად ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდნენ.” – განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.
“საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის საკითხი, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ჩვენს პრიორიტეტებს შორისაა. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით, რეგიონის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება. მნიშვნელოვანია, რომ უკვე დასრულდა სოფლების – აბანოსხევი-ლაფანაანთკარის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები. მოსახლეობას აქ დიდი ხნის განმავლობაში მოუწესრიგებელ გზაზე უწევდა გადაადგილება, თუმცა განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, პრობლემა გადაიჭრა და ადგილზე ბევრად კომფორტული და უსაფრთხო გარემო შეიქმნა,” – აღნიშნა დავით ნოზაძემ.
ცნობისათვის, აბანოსხევი-ლაფანაანთკარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მთის განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.