რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე კომპანია ,,ბაზალტ ფაიბერსში” დანერგილ ინოვაციურ საწარმოო ციკლს გაეცნო 

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, კომპანია ,,ბაზალტ ფაიბერსში” დანერგილ ინოვაციურ საწარმოო ციკლს გაეცნო.
 შპს ,,ბაზალტ ფაიბერსის” საამქროები ქალაქის მერმა, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილთან, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან და ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმღვანელთან ერთად დაათვალიერა.
ქართული სამშენებლო მასალების კლასტერისა და ევროპის ბიზნეს ასოციაციის წევრმა, “ბაზალტ ფაიბერსმა” გერმანიის ტექნოლოგიურ სტარტაპ Fibrecoat-თან თანამშრომლობით, ინოვაციური პროდუქტის – ალუმინით დაფარული ბაზალტის ძაფის წარმოება, სექტემბერში დაიწყო.  წარმოებაში ახლადდანერგილი გერმანული ტექნოლოგიების შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ ,,ბაზალტ ფაიბერსის” მეთვალყურეთა საბჭოს თავმჯდომარე პაატა გოგოლაძემ მიაწოდა.
 ,,მნიშვნელოვანია, რომ რუსთავში საწარმოების ტექნოლოგიური გაუმჯობესება, ისეთ ტექნოლოგიებზე გადასვლა და დანერგვა მოხდეს, რომელიც ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე გავლენას არ მოახდენს. დღეს ადგილზე გავეცანით ,,ბაზალტ ფაიბერსის” საწარმოო პროცესს, რომელიც არის ეკოლოგიურად სუფთა. საწარმოში 80-მდე ჩვენი თანამოქალაქეა დასაქმებული. უახლოეს პერიოდში აპირებენ საწარმოო პროცესის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, რაც თავისთავად ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
„ბაზალტ ფაიბერსი” საქართველოს სამშენებლო და კომპოზიტური მასალების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2000 წლიდან ოპერირებს.
 ,,ჩვენი კომპანია საქართველოში 20 წელიწადზე მეტია, რაც ფუნქციონირებს. რამდენიმე წლის წინ გერმანიიდან გადმოვიტანეთ ახალი ტექნოლოგიები და სამშენებლო სექტორისთვის ახალი საარმირე მასალები შევქმენით, რომელსაც ვაწარმოებთ, პროდუქცია იყიდება როგორც ქვეყნის შიგნით სხვადასხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებზე, ასევე საზღვარგარეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საწარმო CO2-ს ყველაზე დაბალი ემისიებით გამოირჩევა მაღალტემპერატურულ ტექნოლოგიებში და უნარჩენოა. ყველა პროდუქტი რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისია”, – განაცხადა ,,ბაზალტ ფაიბერსის” მეთვალყურეთა საბჭოს თავმჯდომარე პაატა გოგოლაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები