გორში ფორუმ-თეატრი გაიმართა
„ერთი გადაწყვეტილება მოქმედებათა მთელ ჯაჭვს ცვლის, ერთი შეხედვით პატარა ნაბიჯი კი დიდი ცვლილებების გამომწვევია – ამ სცენარით გორში ფორუმ-თეატრი გაიმართა“,- ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
ფორუმ-თეატრი კამპანიის „შეცვალე სცენარი – შეასრულე შენი როლი“ ნაწილია, რომლის მიზანია მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ის საქართველოს 15 მუნიციპალიტეტში ხორციელდება.
ღონისძიება ევროპის საბჭოს დღეების ფარგლებში საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებითა და გორის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.
ფორუმთეატრი საზოგადოების მონაწილეობით მიმდინარე წარმოდგენაა, სადაც მაყურებელს პერფორმანსში ჩართვის და მოვლენების სასურველი სცენარით განვითარების შესაძლებლობა აქვს. ერთი გადაწყვეტილებით მოქმედებათა მთელი ჯაჭვი იცვლება, რაც, მოქალაქეებს საკუთარი როლისა და ჩართულობის მნიშვნელობაში არწმუნებს.
ფორუმთეატრი პანელური დისკუსიით გაგრძელდა, რომელშიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თარხნიშვილმა მიიღო მონაწილეობა და მუნიციპალიტეტის იმ მექანიზმებზე ისაუბრა, სადაც მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა აქტიურად ჩაერთნონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ასევე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) გორის ოფისის ხელმძღვანელმა დაკო მურადაშვილმა და გორელ ფოტოგრაფთა კლუბის ხელმძღვანელმა ოთო გვრიტიშვილმა.
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე, თუ როგორ სცადეს სცენარის შეცვლა რეალურ ცხოვრებაში, შეხვდნენ გამოწვევებსა და თავიანთი პატარა თუ დიდი ქმედებებით მიღწეული შედეგებიც დაინახეს.
ღონისძიება ხორციელდება ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში.
ევროპის საბჭოსთან გორის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად თანამშრომლობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის ახალ მექანიზმებზე მუშაობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.