გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, მომზადებული ბროშურის „პროფესია გენდერის გარეშე“ პრეზენტაცია გაიმართა
გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, მომზადებული ბროშურის „პროფესია გენდერის გარეშე“ პრეზენტაცია გაიმართა, ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
„ბროშურაში წარმოდგენილია მიმდინარე წლის მარტის თვის ქალთა კვირეულის ფარგლებში, გამოცხადებულ თხრობითი ნაწარმოებების კონკურსში მონაწილე ახალგაზრდების 24 საუკეთესო ნამუშევარი.
კონკურსი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა, 14-დან 22 წლამდე ასაკის 34 ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ, რომელიც პარალელურად გენდერული თანასწორობის საბჭოსაც ხელმძღვანელობს, ამავე საბჭოს სახელით კონკურსის ყველა მონაწილეს მონაწილეობისთვის მადლობის სერტიფიკატი გადასცა.
გარდა ამისა, დავით რაზმაძემ აქტიური თანამშრომლობის მადლობის სიგელები გადასცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლებს.
ბროშურაში წარმოდგენილი ოცდაოთხივე ნამუშევრის ავტორს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის წარმომადგენლობისგან საჩუქრები გადაეცა.
კონკურსში I, II და III საპრიზო ადგილებზე გასული ახალგაზრდები შესაბამისი მედლებით დაჯილდოვდნენ.
კონკურსის გამარჯვებული იზაბელა ოქროპირიძე (კარბი) გახდა, II ადგილი ქრისტინა სამნიძეს (კარალეთი) ერგო, III ადგილი კი ნოდარ კოლოტაშვილმა (კარბი) და ანა მეცხვარიშვილმა (კოშკი) გაინაწილეს.
ინიციატივის მიზანი, გენდერული სტერეოტიპების გავლენის შესუსტების ხელშეწყობა იყო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.