სამტრედიის მერმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 78 წლისთავი მიულოცა
„მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა. ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუგზარ ჯამბურიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო“, – ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.
„მუნიციპალიტეტის მერმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ალექსანდრა ჯულუხიძეს ფაშიზმზე გამარჯვების 78 წლისთავი პირადად მიულოცა.
ქალბატონი ალექსანდრა 101 წლისაა და თავს შესანიშნავად გრძნობს.
ომის ვეტერანს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1000 ლარი გადაეცა, ხოლო საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა ერთჯერადად 1000 ლარი, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა კი 500 ლარი.
დავით ბახტაძემ, ომის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა შეუფასებელი ღვაწლისთვის, ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვა.
საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. დაბრუნებულთაგან ყველას, ვინც გერმანელების ტყვეობას თავი დააღწია, – საკმაოდ ბევრს კი ოჯახებთან ერთად, – გადასახლებაში ცხოვრება მოუხდა. მეორე მსოფლიო ომში, საქართველომ, პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. თითოეული გმირულად, გულწრფელად, რწმენით, საკუთარ სამშობლოს და საკუთარ ოჯახებს იცავდნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.