გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს, ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
“გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მებრძოლთა მემორიალი გვირგვინებით შეამკო.
საბრძოლო დიდების მუზეუმთან შეიკრიბნენ სამამულო ომის მონაწილეების ახლობლებიც. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს 78 წლის წინ განვითარებული მძიმე მოვლენები.
გორის მუნიციპალიტეტში ამჟამად მეორე მსოფლიო ომის ორი მონაწილე ცხოვრობს. ორივე ვეტერანს მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ოჯახებში სტუმრობდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს და სასურსათო პაკეტები გადასცეს. გარდა ამისა, 9 მაისთან დაკავშირებით ისინი გორის მუნიციპალიტეტისგან 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ. წლის განმავლობაში, კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვეტერანებისთვის განკუთვნილი დახმარება ჯამში 1000 ლარს შეადგენს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.