ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 9 მაისის მემორიალი ყვავილებით შეამკეს
ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და მერის მოადგილე დავით გოგლიძემ ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის გმირებს.
,,მინდა, დღევანდელი დღე, პატივისცემით მივულოცო ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ვეტერანს. მათი თავგანწირვის დამსახურებაა, რომ კაცობრიობამ ფაშიზმი დაამარცხა და 9 მაისი გამარჯვების დღედ იქცა. თითოეულ მათგანს ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს” – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ.
განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.