ბოლნისის მუზეუმში სასკოლო თეატრალური ფესტივალის „არტსკოლა“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გაიმართა სასკოლო თეატრალური ფესტივალი „არტსკოლა“, რომელშიც მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედმა საჯარო და კერძო სკოლებმა მიიღეს. ფესტივალის ფარგლებში, მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, სპექტაკლები დადგეს და ფართო აუდიტორიასა და პროფესიონალ ჟიურის წარუდგინეს.
ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება ბოლნისის მუზეუმში მოეწყო, სადაც სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული გამოვლინდა. „არტსკოლის“ გრანპრი დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლას ერგო. ფესტივალის მთავარი ჯილდო გამარჯვებულებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა გადასცა.
ფესტივალის ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ცნობილი მსახიობები ზაზა კოლელიშვილი, დავით დარჩია, დრამატურგი ნინია სადღობელაშვილი და ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელი ბესო ბაჯელიძე.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით წარმატებით განხორციელდა პროექტი „არტსკოლა“. მოხარული ვარ, რომ ამ პროექტში აქტიურად ჩაერთნენ ჩვენი სკოლები, მოსწავლეები და პედაგოგები. პროექტის ფარგლებში არაერთი შესანიშნავი დადგმა ვიხილეთ. „არტსკოლა“ მართლაც მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ის ჩვენს უნიჭიერეს მოსწავლეებს საშუალებას აძლევს საკუთარ თავში აღმოაჩინონ და შემდგომ განავითარონ თავიანთი შემოქმედებითი პოტენციალი, შეიყვარონ თეატრის ფენომენი და ეზიარონ იმ ღირებულებებს, რომლითაც ქართული თეატრი ყველასგან გამოირჩევა. ამ შესაძლებლობისთვის კი ღონისძიების იდეის ავტორებს დიდ მადლობას ვუხდი. გამარჯვებულ მონაწილეებს ამ მიღწევას ვულოცავ და მათ მომავალშიც არაერთ წარმატებას ვუსურვებ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.