“სიიდან იმის გამო ამომიღო, რომ მელიას ვუჭერდი მხარს” – “ნაცმოძრაობის” წევრები ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას ითხოვენ

“ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციაში ნიკა მელიას მხარდამჭერები აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან ლევან ხაბეიშვილის გადაყენების პროცედურები უნდა დაიწყოს.

პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერების განცხადებით, ბათუმის საკრებულოდან გასული „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ლაშა კილაბერიას ჩანაცვლება უნდა მოხდეს პარტიული სიის მომდევნო ნომრით, თუმცა ხაბეიშვილმა სია თვითნებურად შეცვალა და ოთხი პირი – ლევან გორგილაძე, ელიზა ეფაძე, როინ დვალი და შორენა აბაშიძე პარტიული სიიდან ამოიღო.

„სია დაკომპლექტებული იყო იმ ადამიანებით, ვინც აქტიურად იყვნენ ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში და ებრძოდნენ რუსულ რეჟიმს. ჩვენდა გასაკვირად, ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყოს მნიშვნელოვანი პარტიული საქმეებით, სიიდან შლის ამ ადამიანებს. ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ იმსახურებს ასეთ თავმჯდომარეს“, –  განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარე, გიორგი კირთაძემ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნოდარ დუმბაძის თქმით, ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარე არ უნდა იყოს.

„ლევან ხაბეიშვილი არ უნდა იყოს პარტიის თავმჯდომარე. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან გადამაყენონ, თუმცა ნურას უკაცრავად, არ ვაპირებ გადადგომას. ხაბეიშვილი აკეთებს იმას, რასაც აკეთებდა „ქართული ოცნება“. უნდა დაიწყოს პროცედურები ხაბეიშვილის გადასაყენებლად“, განაცხადა ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნოდარ დუმბაძემ.

ამასთან, სიიდან ამოღებული პირები აცხადებენ, რომ ისინი ხაბეიშვილისთვის მიუღებლები აღმოჩნდნენ იმის გამო, რომ არჩევნებზე მელიას დაუჭირეს მხარი.

„სიიდან მხოლოდ იმის გამო ამომიღო, რომ ნიკა მელიას ვუჭერდი მხარს. ოთხი ადამიანი ამოგვიღო სიიდან, ის ხალხი, ვინც მელიას უჭერდა მხარს“, – აღნიშნა ლევან გორგილაძემ, რომელსაც საკრებულოდან გასული დეპუტატი ლაშა კილაბერია უნდა ჩაენაცვლებინა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები