გორში სახალხო დღესასწაული, ოქონობა აღინიშნება
გორში სახალხო დღესასწაული, ოქონობა აღინიშნება.
ოქონის მშენებარე ტაძარში გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ სადღესასწაულო წირვა აღავლინა.
საზეიმო წირვა – ლოცვას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან თამაზ შიოშვილთან ერთად, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ესწრებოდნენ.
წირვის დასრულების შემდეგ, მეუფე ანდრიამ ქალაქი დალოცა და ქალაქის ქუჩებში საზეიმო მსვლელობა გაიმართა.
ოქონობის დღესასწაული ატენისა და გორის მიტროპოლიტ მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით 2004 წელს აღდგა და წელს მეცხრამეტედ აღინიშნება.
დღესასწაული უკავშირდება ოქონის ხატს, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა და თამარ მეფის მიერ აშენებულ ტაძარში იყო დაბრძანებული. ხატი 1991 წელს ქართულ – ოსური კონფლიქტის დროს დაიკარგა და 2001 წელს კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს. როგორც ერის საგანძური, ოქონის ხატის სპილოს ძვლის უბრწყინვალესი სამკარედი 2004 წლიდან თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.