სამტრედიაში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების მიზნით შეხვედრა გაიმართა
სამტრედიაში სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვენახების კადასტრის მნიშვნელობა და პროგრამის დეტალები ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, სამტრედიის, ხონის, ვანის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან გამართულ სამუშაო შეხვედრებზე განიხილეს.
როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის; კადასტრის შექმნა რთველის პროცესის გამარტივებასა და ყურძნისეული პროდუქტების ხარისხს უზრუნველყოფს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, პროგრამის განხორციელების პროცესში, ჩართვის სრული მზადყოფნა გამოითქვა.
ვენახების კადასტრი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მდგრადი განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. კადასტრის შექმნა ხელს შეუწყობს რთველის პროცესის ორგანიზებულად და გამჭვირვალედ ჩატარებას, ასევე ყურძნისეული პროდუქტების მიკვლევადობას.
ვენახების კადასტრის შექმნა მოხდება თითოეული ვენახის ნაკვეთის იდენტიფიკაციის და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვებით, რომელიც შეიცავს ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას და ა.შ.
ამ მიზნის განხორციელებისათვის სააგენტოს აქტივობებს შორის ერთ-ერთი
ძირითადია საქართველოს ვენახების ეროვნული საკადასტრო სისტემის აგება, რომლის
მიზანია ვენახების და ღვინის წარმოების მართვისა და კონტროლისთვის საჭირო,
განახლებადი საინფორმაციო სისტემის შექმნა და მისი საშუალებით ყურძნის და
ყურძნისეული პროდუქტების მონიტორინგი. ამავდროულად, ვენახების კადასტრის შექმნა
ხელს შეუწყობს ვენახების შესახებ მუდმივგანახლებადი ინფორმაციის შეკრებას დარგის
წარმატებული დაგეგმვისა და მართვისათვის; ქართული ღვინის ხარისხის ამაღლებას და
მის კონკურენტიანობის გაზრდას მსოფლიო ღვინის ბაზარზე; უზრუნველყოფს რთველის
პროცესის გამარტივებას და მის გამჭვირვალედ ჩატარებას; ყურძნისეული პროდუქტების
მიკვლევადობის გაუმჯობესებას.
“მევენახეობის განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის. ღვინის ეროვნული სააგენტოს და თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის რეჟიმით, მევენახეობის კადასტრის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალში მრავალი წარმატებული პროექტი განხორციელდეს და დარგი გაძლიერდეს”,- აცხადებს დავით ბახტაძე.