ქუთაისის მერია “ფლანგვის დეტექტორს” სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს
ქუთაისის მერია “ფლანგვის დეტექტორის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და არასამთავრობო ორგანიზაციას სიცრუეში ადანაშაულებს.
კერძოდ, საუბარია ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილისთვის ტენდერით შეძენილ ავტომობილზე, რომელიც ქუთაისის ბიუჯეტს 118 ათასი ლარი დაუჯდა.
როგორც ქუთაისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული, თუ “ფლანგვის დეტექტორი” ინფორმაციაში გაჟღერებულ ტყუილს არ გაასწორებს, მიმართავენ სამართლებრივ ფორმას.
“არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორმა“ 3 აპრილს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატია ქუთაისის მერიის მიერ შეძენილ ავტომობილთან დაკავშირებით.
სტატია ცალსახად დეზინფორმაციულია და ემსახურება ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ქუთაისის მერის დისკრედიტაციას.
ავტომობილი „შკოდა“ ქუთაისის მერიამ ტენდერის საშუალებით შეიძინა 118, 121 ლარად. გაფორმდა ხელშეკრულება. სატენდერო პირობის თანახმად, ავტომანქანაზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა.
თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში, გეგმური ფასიანი მომსახურების განხორციელება უნდა მოხდეს დანართი #2-ით (მიმწოდებლის მიერ განფასებული დანართი #2 ატვირთულია სისტემაში სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად) მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ ცხრილში დაფიქსირებული პერიოდების და ფასების შესაბამისად.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის №26 დადგენილების და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანების მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ტექნიკური მომსახურებისა და ავტოსათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფის მიზნით, გაფორმდა ხელშეკრულება შ.პ.ს. „ავტო ცენტრი თბილისი“-სთან 12947 ლარზე და მომსახურების პერიოდია ხელშეკრულების დადებიდან (2023 წლის 9 მარტი) 2026 წლის 26 იანვრამდე.
შესაბამისად, „ფლანგვის დეტექტორის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ 13 000 ლარი ტენდერის გვერდის ავლით დაიხარჯა, ტყუილია!
ტყუილია ისიც, რომ დაზიანდა ავტომობილის ბამპერი და შესაბამისად, მისი გამოცვლის საჭიროება არც ყოფილა.
იმ შემთხვევაში, თუ „ფლანგვის დეტექტორი“ არ შეცვლის მის მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას და სწორ ინფორმაციას არ განათავსებს საკუთარ გვერდზე, ქუთაისის მერია მიმართავს საკითხის გადაწყვეტის სამართლებრივ ფორმას”, – ნათქვამია განცხადებაში.