წყლის რესურსების დაცვის დღესთან დაკავშირებით, სოფელ რაჭისუბანში დასუფთავების აქცია მოეწყო
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, ყოველ წელს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/ დედამიწის მეგობრების“ მხარდაჭერით, დასუფთავების აქცია მოაწყო.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ რაჭისუბანში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაბინძურებული ტერიტორია დაასუფთავა.
დასუფთავების აქცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში კამპანია „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში მოეწყო.
„წყლის რესურსების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დღეს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაბინძურებული ტერიტორია სოფელ რაჭისუბანში დავასუფთავეთ. ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად აუცილებელია მოვუფრთხილდეთ, არ დავაბინძუროთ ჩვენი ბუნება. აღნიშნული აქცია კამპანიის „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში მოეწყო, წყლის რესურსების დღეს ჩვენ ყოველწლიურად აქტიურად აღვნიშნავთ და ამ დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქციებს ვაწყობთ. მოგიწოდებთ ყველას გავუფრთხილდეთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოს, ნუ ჩავყრით ნარჩენებს წყალში, დავიცვათ სისუფთავე“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.