დავით ნოზაძემ ბიწმენდისა და აღდგომლიანთკარის ახალაშენებული საბავშვო ბაღები მოინახულა

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, მოადგილე გოჩა ქავთარაძესთან და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან დიმიტრი ზურაბიშვილთან ერთად, სოფლების – ბიწმენდისა და აღდგომლიანთკარის ახალაშენებული საბავშვო ბაღები მოინახულა.
რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ადგილზე არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნენ და ბაგა-ბაღების თანამშრომლებისგან სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიიღეს.
„მინდა, გაწეული შრომისა და პატარებზე ზრუნვისათვის მადლობა გადავუხადო საბავშვო ბაგა-ბაღების თითოეულ თანამშრომელს. მათი წვლილი ბავშვების აღზრდის პროცესში განსაკუთრებული და დასაფასებელია. ყველა მათგანს, განურჩევლად პოზიციისა, წარმატებებსა და საამაყო თაობების აღზრდას ვუსურვებ.
ბავშვებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა იმ პრიორიტეტულ საკითხებს შორისაა, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას მიზნად აქვს დასახული. აღნიშნული მიმართულებით, რეგიონში სხვადასხვა პროექტი შესრულდა. მათ შორისაა ბიწმენდისა და აღდგომლიანთკარის ახალაშენებული საბავშვო ბაღები. პროექტების განხორციელებამდე დასახელებულ სოფლებში საბავშვო ბაღი არასდროს ყოფილა. ახლა კი აქ თანამედროვე სტანდარტების ყველა მოთხოვნის შესაბამისი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებია, რომლებიც 50 ბავშვზეა გათვლილი და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. აგრეთვე, მცხეთის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღები აქვთ სოფლებს – ძველ ქანდასა და ვაზიანსაც. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ამ მიმართულებით, რეგიონის მასშტაბით, გარკვეული საჭიროებები კვლავ არსებობს და მათ მოსაგვარებლად, ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად მუშაობს,“- განაცხადა დავით ნოზაძემ.
ცნობისათვის, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – ბიწმენდისა და აღდგომლიანთკარის საბავშვო ბაგა-ბაღების სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები