გორში ყინულზე ცოცვის ფესტივალი გაიმართა
გორის მუნიციპალიტეტში, ბიისის გაყინულმა ჩანჩქერმა ყინულზე ცოცვის ფესტივალს, ,,Biisi Cup” უმასპინძლა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, გამარჯვებულებს სიგელები, თასები დამედლები გადაეცათ.
“პირველი ადგილები გოგონებში ნესტან მაჭავარიანმა, ვაჟებში კი გიორგი მახათაძემ მოიპოვეს.
,,Biisi Cup” – ის ყველაზე უფროსი მონაწილე71 წლის ფერეიდნელი ალი ასლანიშვილი, ყველაზე პატარა მონაწილე კი თბილისიდან12 წლის ანა ცარციძე იყო.
50-მეტრიან გაყინულ ჩანჩქერზე პირველობისთვის 50-ზე მეტი სხვადასხვა ასაკის მონაწილე იბრძოდა. ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად, მსურველები ბიისში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოვიდნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ და ყინულზე ცოცვაში მონაწილეობა მიიღეს უცხოელმა ტურისტებმაც.
ფესტივალი ტანას ტურისტულ ხეობაში, კოცონთან, ცხელი გლინტვეინით, ელექტრონული მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა.
ღონისძიება, რომელიც ბოლო 5 წელია არ ჩატარებულა, წელს განსაკუთრებით აღინიშნა. ფესტივალი ტრადიციული ხასიათს მიიღებს და მისი მასშტაბები ყოველწლიურად გაიზრდება.
ბიისის გაყინულ ჩანჩქერზე ცოცვაში შეჯიბრება პირველად 20 წლის წინ გაიმართა.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ტურისტული ასოციაცია ,,ტონთიოს” პარტნიორობით განხორციელდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.