მაღალმთიან აჭარაში უხვმა ნალექმა და დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში თოვლის საფარი სამ მეტრს აჭარბებს. ადგილობრივების ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობა სოფლების მიმართულებით ჩაკეტილია, განსაკუთრებული პრობლემები კურორტ გოდერძის მიმართულებითაა, სადაც უხვი ნალექის გამო გადაადგილება აკრძალულია.
შუახევის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები კი ამბობენ, რომ თოვლმა ელექტროსადენები დააზიანა და რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
თავის მხრივ, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ უწყება საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
„დიდთოვლობის გამო აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. რამდენიმე დღეა ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში აქტიურად გრძელდება გზების გაწმენდითი სამუშაოები.
სამუშაოებში ჩართულია დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ყველა სპეცტექნიკა.
პირველ რიგში იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები.
მუნიციპალიტეტებში დიდთოვლობისა და უამინდობის გამო საავტომობილო მოძრაობა რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით“, – აცხადებენ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში.