“არ მახსოვს როდის ვესროლე ქვა” – მეზობლის მკვლელობაში ბრალდებული 70 წლამდე ქალი ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის მოლოდინშია
მეზობლის მკვლელობაში ბრალდებული 70 წლამდე ქალი ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის მოლოდინშია.
მარიამ ესტაფაშვილმა გორის რაიონულ სასამართლოში ჩვენება უკვე მისცა. ბრალდებული ამტკიცებს, რომ დანაშაულის ჩადენის დროს განვითარებული მოვლენები არ ახსოვს. თუმცა მკვლელობამდე მომხდარი დეტალურად გაიხსენა და მსაჯულებს უთხრა, რომ 33 წლის ლევან გვიმრაძე მის შვილს სასოფლო-სამეურნეო იარაღით გაუსწორდა.
“არ მახსოვს როდის ვესროლე ქვა, ვერ ვიხსენებ. ჩემს შვილს რომ დაარტყა თოხი, მეგონა რომ მოკლა და მერე აღარ მახსოვს რა მოხდა. რომ გავიგე რაც მოხდა, მთელი ეკლესია-მონასტრები მოვიარე, შენდობას ვითხოვდი”, – განაცხადა ესტაფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში, გასული წლის ივლისში, მეზობლებს შორის სარწყავი წყლის გამო დაწყებული კონფლიქტი მსხვერპლით დასრულდა. ბრალდებულს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.