“ეს პროფესია მისთვის ყველაფერი იყო” – საგარეჯოში პროფესიული მოვალეობის დროს გმირულად დაღუპულ პოლიციელს მეგობრები იხსენებენ

 

უფროსი ლეიტენანტი, 38 წლის ოთარ ღვინაშვილი საგარეჯოდან თბილისში, საკუთარ სახლში, ვაზისუბნის დასახლებაში გადაასვენეს.

გმირი პოლიციელი იმ დროს დაიღუპა, როდესაც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და სროლისას სუპერმარკეტის თანამშრომელს, დაჭრილ ქალს გადაეფარა, სიკვდილს გადაარჩინა, თავად კი ადგილზე დაიღუპა.

“ეს პროფესია მისთვის ყველაფერი იყო. ძალიან უყვარდა თავისი პროფესია, ადამიანების დაცვა”, – ამბობს გარდაცვლილი პოლიციელის მეგობარი.

“მსახურობდა, 2008-ში ომშიც იყო. პროფესია ჰქონდა ეგეთი, უკან დახევა არ იცოდა. უყვარდა თავისი სამსახური და ბავშვობიდან უნდოდა სახელმწიფო სამსახურში ემსახურა. ოჯახის ერთგული და მოსიყვარულე ადამიანი იყო”, – თქვა ღვინაშვილის ახლობელმა.

ოთარ ღვინაშვილს 11 და 12 წლის შვილები დარჩა.

წუხელ, გვიან ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაღუპულები არიან – დავით ნასრაძე, ზაზა ჩიხლაძე, შაქრო მათიაშვილი, ნოდარ რჩეულიშვილი და ოთარ ღვინაშვილი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები