ექიმი – საგარეჯოში სროლისას დაჭრილებზე: კლინიკაში დარჩენილი სამი პაციენტიდან, ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია

ამ ეტაპისთვის კლინიკაში რჩება სამი ავადმყოფი. სამივეს ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. ერთი ავადმყოფი ამბულატორიულად გაწერილია ბინაზე, დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, – ამის შესახებ საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკის ექიმმა, მამუკა ოთიაშვილმა შეიარაღებული თავდასხმისას დაჭრილი პირების მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

„ამ ეტაპისთვის კლინიკაში რჩება სამი ავადმყოფი. სამივეს ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. ერთი ავადმყოფი ამბულატორიულად გაწერილია ბინაზე, დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. ერთი პაციენტის მდგომარეობა რჩება კრიტიკული, ის აგრძელებს მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, სადაც უტარდება შესაბამისი მკურნალობა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ეს არის 24 წლის მამაკაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი გამჭოლი ჭრილობების გამო ჩაუტარდა მუცლის ღრუსა და ბარძაყის არტერიისა და ვენის იმპლანტაცია. ამ ეტაპისთვის მდგომარეობა რჩება კრიტიკულად მძიმე. მიმდინარეობს ტრანსფუზიოთერაპია. კიდევ ორი პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, ისინი მკურნალობას აგრძელებენ ზოგადად ქირურგიულ განყოფილებაში. აღენიშნებათ ქვედა კიდურების გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობები. ჯერჯერობით ისინი რჩებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას“, – განაცხადა მამუკა ოთიაშვილმა.

შეგახსენებთ, წუხელ გვიან ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაღუპულები არიან – დავით ნასრაძე, ზაზა ჩიხლაძე, შაქრო მათიაშვილი, ნოდარ რჩეულიშვილი და ოთარ ღვინაშვილი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები