საგარეჯოში მოკლული ზაქრო მათიაშვილი საქართველოს წითელ ჯვარში მოხალისედ მუშაობდა

საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმის დროს მოკლული ერთ-ერთი ახალგაზრდა – ზაქრო მათიაშვილი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წევრი იყო და მოხალისედ მუშაობდა.

“საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელმაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ვუსამძიმრებთ ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.
გარდაცვლილთა შორის არის ზაქრო მათიაშვილი, გამორჩეულად ლაღი, ღიმილიანი, სითბოთი და სიკეთით სავსე, იმედიანი, ერთგული, მებრძოლი და სიცოცხლის მოყვარული, ჩვენი დიდი ოჯახის ღირსეული წევრი, სამაგალითო მოხალისე საგარეჯოდან.
მადლობა რომ მუდამ იყავი ჩვენს გვერდით ჭირსა თუ ლხინში”, – ნათქვამია საქართველოს წითელი ჯვრის სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, წუხელ გვიან ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაღუპულები არიან – დავით ნასრაძე, ზაზა ჩიხლაძე, შაქრო მათიაშვილი, ნოდარ რჩეულიშვილი და ოთარ ღვინაშვილი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები