მაღაზია, რომელიც ასევე შემთხვევის ადგილია და სადაც ნოდარ ათუნაშვილმა პოლიციელი მოკლა საგარეჯოში ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
როგორც ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, ოთარ ღვინაშვილი დაჭრილს გადაეფარა რა დროსაც თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა და მოკლა.
“დაჭრილები არიან მაღაზიის თანამშრომლები. ბიჭს მუცელი აქვს გამოფატრული, გოგოს თვალში აქვს მოხვედრილი ტყვია, დამლაგებელს – ფეხში, გადაეფარა პოლიციელი და ის კიდე მოკლეს, ამ დროს დაიღუპა, რომ გადაეფარა იმ დამლაგებელს. სროლების ხმა იყო, კაკანებდა ავტომატებიო. სასწრაფო შემოსულა და სასწრაფოც არ შეუშვიათ. სასწრაფოსაც ესროლა”, – ამბობს მაღაზიის თანამშრომელი.
ცნობისთვის, წუხელ გვიან ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.