“მალე დაიწყება ოპერაცია” – საგარეჯოდან თბილისში გადმოყვანილ ქალს თვალი აქვს დაზიანებული

საგარეჯოში სროლისას დაშავებულ ქალს, რომელიც თბილისში გადმოიყვანეს ოპერაციისთვის ამზადებენ.

როგორც ჟურნალისტებს „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ოთარ დიხამინჯიამ განუცხადა, პაციენტს თვალის ტრავმა აღებიშნება.

მისივე თქმით, ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„დაახლოებით 04:00 საათზე საგარეჯოს რაიონის საავადმყოფოდან გადმოიყვანეს ახალგაზრდა ქალბატონი მარცხენა თვალის უცხო სხეულის ნაფლეთი ჭრილობით და ის მზადდება საოპერაციოდ. მალე დაიწყება ოპერაცია. პაციენტის მდგომარეობა ახლა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ოთარ დიხამინჯიამ.

რაც შეეხება თვალის დაკარგვის საშიშროების შესახებ კითხვას, დიხამინჯიამ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

ცნობისთვის, წუხელ გვიან ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები